საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.
კელი დეგნანი იმ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და რითაც კონკრეტული ძალები ცდილობენ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას.
„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე პროგრესი იქნება მომავალშიც. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები არის უკვე გაკეთებული. მრავალ სამინისტროსთან ადგილობრივ დონეზეც ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებში, რომლებიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წარმატება ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოში წარმატებისა.
პოლიტიკოსები, პოლიტიკოსები არიან. პირადად არ ვიღებ ნამდვილად, რასაც ამბობენ ჩემ შესახებ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. გაწერილია საგზაო რუკა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, მთავრობისა და პოლიტიკის შემქმნელები თუ გაყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლიზიურ პორცესს, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, გადავიდნენ სულ მცირე შემდგომ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობის. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს. სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, ქართველები შეჩვეულნი არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეხვედრია მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს, რომლებიც მის შესახებ „კომენტარებს აკეთებენ“ და თქვა, რომ მნიშვნელოვანნი არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ „დააბნიონ ქართველები, დაყონ საზოგადოება – გვერდით გავწიოთ”.
„ფაქტობრივად შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი. მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებს ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და პირადად ვერ მივიღებ ნამდვილად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, გაყონ ეს საზოგადოება, ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია. ეს ადამიანები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლისა. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის, ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.