სამწუხაროდ, მოსახლეობაში ცუდი დამყოლობაა კვლევაში მონაწილეობაზე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ემიდემიოლოგიური მდგომარეობის მხრივ განსაკუთრებით ცხელი წერტილია ქვემო ქართლის რეგიონი, გარდაბრის მუნიციპალიტეტის, ე.წ. გაჩიანის დასახლება. დასახლებაში სამი სოფელი შედის – ყარაჯალარი, ახტაკლია და კარატაკლია.

„აქედან ორ სოფელში, კერძოდ, ყარაჯალარსა და კარატაკლიაში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევა: ერთად აღებული – 34. დღეს დილისთვის ამ 24 შემთხვევიდან 10 სწორედ ამ, ე.წ. გაჩიანის კლასტერზე მოდის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სერიოზული ღონისძიებები ტარდება. გამყრელიძის განმარტებით, ამ სოფლებში შედის 7 გზაა და ყველა შესასვლელსა და გამოსასვლელში ტარდება თერმოსკრინინგი.

„სამწუხაროდ, მოსახლეობაში არის ცუდი დამყოლობა კვლევებში მონაწილეობაზე. ჩვენ გუშინ დავიწყეთ იქ გაფართოებული კვლევები. გვინდოდა, რომ ამ კვირაში ერთიანად (დაახლოებით იქ, სამივე სოფელში ერთად, 7000-მდე მოსახლე ცხოვრობს) სრულად ეს 7000 მოსახლე გამოგვეკვლია და სამკურნალოდ გადაგვეყვანა (ჩვენ გვაქვს დაახლოებითი გათვლები, რომ ალბათ, ინფიცირებულები იქნება მოსახლეობის 5-10%-მდე, მათი დროული იზოლაცია მომხდარიყო). ეს რადიკალურად შეამცირებდა ინფექციის გატანის რისკს“, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ სამი სოფლიდან მოსახლეობის უმრავლესობა მუშაობს სხვადასხვა ბაზარზე – რუსთავის, ლილოს ბაზრობა, თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე, და ამიტომ ინფექციის გადატანის რისკი მაღალია.

„სამწუხაროდ, მოსახლეობის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ჩვენი 6 ბრიგადა მუშაობდა, 350 ნიმუშზე მეტი ვერ ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე არის 700-დან 1000 ნიმუშამდე. ამ 350 ნიმუშიდან, როგორც გითხარით, 10 გახლდათ დადებითი. ანუ იქ ინფექცია სერიოზულად ტრიალებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ მეტი თანამშრომლობა სამედიცინო პერსონალთან. მეტი დამყოლობა..“, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის განმარტებით, ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, რომ დაცული იყოს პირობები.