სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არაა ევროპული ოცნება - როთი „ოცნების“ მიერ PES-თან თანამშრომლობის გაწყვეტაზე

პუბლიკა

გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ მიერ ევროპარლამენტში მათი პარტნიორი პარტიის „ევროპელი სოციალისტების გაერთიანების“ (PES) დატოვების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როთი საქართველოს მმართველი პარტიის პოზიციას აღმაშფოთებელს უწოდებს.

როთის თქმით, PES-ის იდეოლოგიური ტრანსფორმაცია არ მომხდარა და “სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება”.

“აღმაშფოთებელია! არანაირი PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ არ მომხდარა. სოციალ-დემოკრატია ყოველთვის და ყველგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის ერთგულია! სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ არის ევროპული ოცნება“ – წერს როთი Twitter-ზე.


„ქართულმა ოცნებამ“ 11 მაისს ევროპარლამენტში მათი პარტნიორი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PES მათ გარიცხვით დაემუქრა იმიტომ, რომ მიიღეს მონაწილეობა იმ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. კობახიძე საუბრობს 4 მაისს უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, 2015 წლიდან, რაც „ოცნება“ PES-ის დამკვირვებელი წევრია, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არც ერთი მხარდამჭერი განცხადება, მისი ცალკეული წარმომადგენლები კი უერთდებოდნენ „რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ კამპანიებს“, მხარს უჭერდნენ „აბსურდულ რეზოლუციებს ივანიშვილის სანქცირებაზე და დამნაშავეების გათავისუფლებაზე“.

კობახიძისვე თქმით, პარტია იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის და გადადის ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე. მისი თქმით, „ოცნებისთვის“ ამ პარტიასთან თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე კონტრპროდუქტიული იყო.

თუმცა 4 მაისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიტყვით გამოვიდა, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორმა, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES) მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. სხდომა ივნისშია ჩანიშნული.