სან-დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პუბლიკა

აშშ-ში სან-დიეგოს ზოოპარკში გორილები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ეს, სავარაუდოდ, ზოოპარკში მცხოვრებ ადამიანის მსგავს მაიმუნებში კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევაა.

ზოოპარკის აღმასრულებელი დირექტორის ლისა პეტერსონის თქმით, კორონავირუსი ერთ ჯგუფად მცხოვრებ 8 გორილაში გავრცელდა, რომელთა ნაწილს ხველაც დაეწყო. ინფორმაცია დაადასტურა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, რომლის თქმითაც, ორ გორილას ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, სამს კი სიმპტომები აქვს.

ვარაუდობენ, რომ გორილებს კორონავირუსი მათი მომვლელისგან გადაედოთ, რომელსაც ასევე დაუდსტურდა Covid-19, თუმცა სიმპტომები არ ჰქონია. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გორილების მდგომარეობა ჯერჯერობით არ გართულებულა და იმედი აქვთ, რომ ვირუსს მარტივად გაუმკლავდებიან.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სახეობათა შორის ვირუსის გადაცემა ჯერჯერობით გამოუკვლეველია. უცნობია, ადამიანისგან რომელ ცხოველებზე გადადის ვირუსი, ან ხდება თუ არა ვირუსის გადატანა სხვადასხვა სახეობის ცხოველებს შორის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირება, მსოფლიოს გარშემო, ძირითადად, ძაღლების და კატების მცირე რაოდენობაშია აღრიცხული.

ასევე აღირიცხა კორონავირუსი კატისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებშიც. აშშ-ის ზოოპარკებში Covid-19-ით რამდენიმე ვეფხვი, ლომი და ერთი ლეოპარდი დაინფიცირდნენ. თუმცა, პრიმატებში ეს კორონავირუსის გავრცელების პირველი აღრიცხული შემთხვევაა.