„კოალიცია მედიის ადვიკატირებისთვის მიიჩნევს“, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.
„2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.
Ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე სამივე თავდამსხმელი ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ფორმულას“ ცნობით, სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ ცემის მუხლით უდანაშაულოდ ცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
ვაჟა გიგაური დამნაშავედ ცნო მოსამართლემ და ასევე მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი – 6-თვიანი პატიმრობა.
ამ სამი პირის 6-თვიანი პატიმრობის ვადა დღეს იწურება. ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ ისინი ბრალდებულების სტატუსით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად სამივე პირი დღეს გათავისუფლდება.
სამართალდამცველებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.