სანამ არსებობს ხალხი, ვინც „ფორმულას“, „მთავარი არხის“ უკან დგას, პოლარიზებულები ვიქნებით - „იმედის“ მფლობელი

პუბლიკა

„სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძეები და ესენი, პოლარიზაცია იქნება“, – ასე უპასუხა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ მედიასთან მოწყობილი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვას „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ.

რუხაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ის მოიაზრებს „ფორმულას“, „ტაბულას“ და ყველაფერს გააკეთებს, რომ „ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს“.

„სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე მოვიაზრებ იმ პარტიებსაც, რომლებიც ოდესღაც იყო მათი ნაწილი: „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „ტაბულას“ უკან ვინც დგას, იქამდე ვიქნებით პოლარიზებულები.

იმიტომ, რომ ქვეყნის ერთი მეათედი ჩასვეს ციხეში. ეს ვინც ვიცით და ვინც კიდევ არ ვიცით, ფული მიატანინეს და გამოუშვეს, ისიც ძალიან ბევრია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პოლარიზებულები. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ, რომ ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ იწვევენ „იმედში“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რუხაძემ განაცხადა, რომ ის მფლობელია და არა – დირექტორი. თუმცა დაამატა, რომ ის არასდროს მოიწვევს „ფორმულას“, „მთავარი არხის“ მფლობელებს.

„მე „იმედის“ დირექტორი არ ვარ, მე ვარ „იმედის“ მფლობელი. ტრამპიც არ დადის, არც დებატებში მონაწილეობს და მშვენივრად არის ამერიკის არჩევნებში. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რატომ მიდის ვიღაც ან რატომ არ მიდის.

მე, მაგალითად, „ფორმულას“ მფლობელს ფეხს არ შემოვადგმევინებ „იმედზე“ არასდროს. ფეხს არ შემოვადგმევინებ ქალბატონ გიული ალასანიას, თანამფლობელია „მთავარი არხის“ და ვინც არის მასთან ასოცირებული. გიორგი ვაშაძეს ფეხს არ შემოვადგმევინებ, მაგის გამო დავკარგე ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.