სანამ ავიცრებით | რა შემთხვევაშია სასურველი ექიმთან კონსულტაცია

პუბლიკა

დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მედიავებინარზე დარგის სპეციალისტებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა სახის ანალიზის ჩატარებაა სასურველი ვაქცინაციამდე და ჯანმრთელობის რა სახის პრობლემის მქონე ადამიანმა უნდა გაამახვილოს ყურადღება წინასწარ კვლევებზე.

„ჯერჯერობით არცერთ ვაქცინას არ აქვს მოთხოვნაში ის, რომ აცრების ჩატარების წინ საჭიროა რაიმე სახის ლაბორატორიული ტესტირების ან დიაგნოსტირების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ლაბორატორიული გამოკვლევები კონკრეტულ ვაქცინაზე, მით უმეტეს ის, რომელიც საქართველოში გამოიყენება, ან როგორც უკვე გითხარით, დანარჩენ ქვეყნებში გამოყენებულ ვაქცინას ლაბორატორიული ტესტირება არ სჭირდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნოპროფილაქტიკური სამმართველოს უფროსმა, ლიკა ჯაბიძემ.

ვებინარზე ამ საკითხის შესახებ ალერგოლოგმა მაია გოთუამაც ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც პაციენტები ან ასაკოვანი ადამიანები იცრებიან, სასურველია გაიარონ თავიანთ ექიმთან კონსულტაცია და მათი თანხმობისა და შეფასების საფუძველზე მოხდეს აცრა.

„ყველაზე მარტივი რეკომენდაცია არის ის, რომ, თუ ადამიანს აქვს რაიმე პათოლოგია, ეს იქნება ალერგიული დაავადება თუ სხვა, ეს იყოს მოწესრიგებული. შესაბამისად, მისი თვითშეფასება თუ არ არის საკმარისი დაავადების სწორად აღქმისათვის, მიმართოს ექიმს, რომელიც საქმის კურსშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მაგალითად, ასთმის დროს ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ არის კარგად და ძალიან დიდი რაოდენობით იღებს სასუნთქ, სპაზმის მომხსნელ წამლებს და ჰგონია, რომ კარგად არის. ჩვენ ასეთ მდგომარეობაში საზოგადოებას ვეუბნებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ეს არის სერიოზული ქრონიკული დაავადება, უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ეს იყოს კონსულტაცია და შესაბამისი რეკომენდაცია“, – განაცხადა მაია გოთუამ.

მისივე თქმით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია საკუთარი ალერგიის სხვა გამოვლინების შესახებ, საკმარისია პაციენტის გამოკითხვა.

„თუ ეს არის ალერგიის სხვა გამოვლინება, როდესაც ის ვერ ერკვევა, აქვს თუ არა მას კატეგორიული უკუჩვენება, ამ შემთხვევაში საკმარისია გამოკითხვა, ანამნეზი, როდესაც პაციენტის გამოკითხვით ვიგებთ, თუ როგორი ისტორია  და რა ტიპის ალერგია ჰქონდა მას. რაიმე სპეციფიკური გამოკვლევის გაკეთებაზე ამ შემთხვევაში რეკომენდაცია არ არის… თუ პაციენტი არის ჯანმრთელი, ან მოცემულ კონკრეტულ მდგომარეობაში კონტროლირებულია, ის შეიძლება მივიდეს ასაცრელად… და თუ ეს კითხვები რჩება, დაიხმაროს ექიმი“, – აღნიშნა გოთუამ.

ალერგოლოგის თქმით, მოქალაქეებმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ და კარგად უნდა გაიხსენონ საკუთარი ისტორია და „თუ საგანგაშო არაფერი არ არის, აიცრან“.