სანამ ჩვენ ვსაუბრობთ უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა სრულ სიჩუმეში - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით გაიმართა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. 

„ქალებსა და გოგონებზე გენდერული ნიშნით ძალადობა საუკუნეების განმავლობაში იყო გლობალური საზოგადოების დაღი. თუმცა, კაცობრიობამ ის დისკრიმინაციის ფორმად და ადამიანის უფლებათა დარღვევად მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის წინ ცნო. მას შემდეგ,  ვცდილობთ ამის გამოსწორებას. 

დღეისთვის უკვე ვიცით, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა გენდერული უთანასწორობიდან და საზიანო სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს. გლობალური საზოგადოება შეთანხმდა – მიუხედავად იმისა, რომ ძალადობაზე პასუხი ძლიერ რეაგირებას მოითხოვს, ქალთა და გოგონათა მიმართ აგრესიული ქცევის აღმოსაფხვრელად პრევენციაც თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს მცდელობები ინვესტიციას საჭიროებს. 

არ უნდა დავივიწყოთ ქალები და გოგონები, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობის წინაშე დგანან, როდესაც ვიცით, რომ სანამ ჩვენ ვსაუბრობთ უამრავი ქალი და გოგონა იტანჯება, უმეტესობა მათგანი სრულ სიჩუმეში.. ერთიც კი ზედმეტად ბევრია!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.