სანამ ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდება, სკოლებში სწავლის განახლების გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სწავლის სასკოლო გარემოში განახლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეპიდსიტუაცია რთულია და „სანამ ის საკმარისად არ დასტაბილურდება, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო“, სკოლებში სწავლის დაწყებაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

„სასკოლო გარემოში სწავლის განახლება არის ყველაზე სასურველი მოდელი. Unicef-იც და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას უჭერს მხარს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველი დღეებიდან.

ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რომლებიც უკავშირდება სწავლის სასკოლო გარემოში დაწყებას, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი.

დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ იქნება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება.

ასევე, ვაქცინაციის სტატუსი – პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, ამდენად ეპიდემიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ის ორი მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს სწავლის სასკოლო გარემოში დასაწყებად“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, სწავლა სასკოლო გარემოში განახლდება თუ დისტანციურ რეჟიმში იქნება.