სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს | უგულავა სააკაშვილს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერილით მიმართავს. გიგი უგულავას წერილს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი აქვს. როგორც ის წერილში აღნიშნავს, მალე ადგება და მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოყვანისკენ მიმართავს ძალებს.

„მიშა, ვიცი, რომ მაგრად და ჯანზე იქნები, ზედმეტს არ მოგწერ. არც შიმშილობის შეწყვეტას გთხოვ, უკეთ იცი შენ. ერთი მინდა გითხრა, რომ ამდენი ხნის თავზე თუ რამე გამაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ეს შენი დაბრუნება იყო. ისტორიული მასშტაბის აქტი მოხიე თან მაგარი სიმსუბუქით. ეს ჩვენი ეროვნული ციხეც ალბათ უნდა გენახა. მოკლედ, ისტორიულ სამშობლოში ყველაფერი ჟანრის წესებით მიდის. აწი ცოტა გაძლებაც უნდა. ეს ხალხიც ნელა, მაგრამ იქოქება. შოკი და დაუჯერებელი იყო ხალხისთვის.

მე ავდგები მალე და იცოდე, სანამ მაქედან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს. ვერ ვიტან, მძულს ის აზრი, როცა წარმოვიდგენ, რომ შენ ბიძინას ციხეში ზიხარ. ბურთი მემჩხირება ყელში ბრაზისგან. დანარჩენს მიეხედება. წიგნებს არ გთავაზობ. არ მგონია, რომ ჩვენი გემოვნება მანდ დაემთხვეს. აბა შენ იცი, იყავი მხნედ და მტკიცედ. მე ვამაყობ შენით როგორც არასდროს“, – წერს გიგი უგულავა.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.