„ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია.
სარჯველაძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.
„თუ ვინმეს სურს, რომ ქართველები და რუსები იყვნენ ძმები, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დგას დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. ამით იწყება და ამით მთავრდება ყველა საკითხი. ვიდრე საქართველო იმყოფება ამ მდგომარეობაში, რომ მისი 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედრაციას, საუბარი ძმობაზე, რა საკავირველია, არის შეუძლებელი – ასეთია მოცემულობა. რაც შეეხება რეაქციებს ამასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ცალკე საკითხია და მე არ მგნია, რომ ცალკეული რეაქციები ამ საკითხთან დაკავშირებით გადაჭარბებულად უნდა იქნას შეფასებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
15 ივნისს Black Sea Arena-ზე The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.
The Killers საქართველოში მთავრობის ინიციატივით დაწყებული კამპანიის ფარგლებში იყო ჩამოსული.
როგორც კონცერტზე მყოფები ჰყვებიან, ბენდის ფრონტმენმა ერთ-ერთ მსმენელს სცენაზე მათთან დაკვრის შესაძლებლობა მისცა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მსმენელი რუსი იყო, აუდიტორიამ უკმაყოფილება გამოხატა, რაზეც The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას „ძმობაზე და დობაზე“ სიტყვით მიმართა. მის გამოსვლას საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. აუდიტორიის ნაწილმა დარბაზი დატოვა. მოგვიანებით ამერიკულმა ბენდმა და „ბლექ სი არენამ“ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.