სანდერსის ინიციატივით, აშშ-მა ისრაელისთვის 735 მლნ დოლარის იარაღის მიყიდვა უნდა შეაჩეროს

პუბლიკა

ამერიკელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ 735-მილიონდოლარიანი შეთანხმების დაბლოკვას გულისხმობს.

სენატორის თქმით, ამერიკამ უნდა შეაჩეროს იარაღის მიყიდვა, თუ ეს „კონფლიქტის გამწვავებას უწყობს ხელს“.

„როდესაც ამერიკული ბომბები ღაზას ანადგურებენ, ხოცავენ ქალებსა და ბავშვებს, ჩვენ არ შეგვიძლია კიდევ ერთი უზარმაზარი შეთანხმება იარაღის მიყიდვაზე ისე გავატაროთ, რომ ამაზე კონგრესში დებატები არ გაიმართოს“, – განაცხადა სანდერსმა.

მისივე თქმით, ამერიკამ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში თავისი როლი უნდა შეასრულოს. სანდერსმა აღნიშნა, რომ ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ – იარაღის მიყიდვა კონფლიქტის მოგვარებას უწყობს ხელს თუ გამწვავებას.

რეზოლუციის მისაღებად კონგრესის პალატის წევრების ხმათა უმრავლესობაა საჭირო, რათა დოკუმენტი შემდგომ პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდეს, პრეზიდენტს კი შეუძლია, რეზოლუციას ვეტო დაადოს. ვეტოს დაძლევა ორივე პალატის ხმების 2/3-ით არის შესაძლებელი.