სანდუ: დღეს ოფიციალურად ვიწყებთ EU-ში გაწევრების მოლაპარაკებებს, მადლობელი ვართ

პუბლიკა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მადლობას უხდის. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს მოლდოვა და უკრაინა ოფიციალურად იწყებენ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებებს. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ძალზედ მადლიერი ვართ ურსულა ფონ დერ ლაიენის, შარლ მიშელისა და რობერტა მეცოლას ურყევი მხარდაჭერის. ჩვენ ერთად ბევრად ძლიერი ვართ”, – წერს სანდუ.

ევროკავშირის ელჩები უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრების მოლაპარაკებების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. შემდეგი ეტაპი, რაც სამთავრობათშორისო კონფერენციას მოიცავს, დღეს 25 ივნისს დაიწყება.

7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანამ როტაციით უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის ხელმძღვანელის პოსტს.

ბრიუსელის რეკომენდაციის შესრულებას გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ხელისუფლების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.