სანდუ: ქართველ ხალხს მივმართავ, ძლიერად დადექით - მოლდოვა თქვენთანაა

პუბლიკა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაია სანდუ პლატფორმა X-ზე სოლოდარობას უცხადებს საქართველოს მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლაში მოლდოვა საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას.

„გუშინ მოლდოველებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს ჩვენი ევროპული გზისკენ. მაგრამ დემოკრატიისთვის ბრძოლა მოლდოვაში, და მთელს რეგიონში, გრძელდება. ქართველ ხალხს მივმართავ: მე ვაფასებ თქვენს გამძლეობასა და შეუპოვრობას, რომ ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. ძლიერად დადექით – მოლდოვა თქვენთანაა”, – წერს სანდუ.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. 3 ნოემბერს, არჩევნების დღეს, მოლდოვის ხელმძღვანელობამ არჩევნებში ჩარევის შესახებ განაცხადა და მოსკოვი დაადანაშაულა.

სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაწერა, რომ ესაა არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.