სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე სკოლების მონიტორინგი უწყვეტად გაგრძელდება - სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 27 თებერვლის მონიტორინგის შედეგების თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1100 საჯარო სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სამინისტროს ცნობით, სკოლების უმრავლესობაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია და გათვალისწიებულია სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„შემოწმების შედეგად  მნიშვნელოვანი ხარვეზები  15 სკოლაში დაფიქსირდა, რაზეც სკოლების ადმინისტრაცებს მიეცათ რეკომენდაცია, ხარვეზების დაუყოვნებლივი გამოსწორების თაობაზე. აღნიშნული სკოლები 28 თებერვალს განმეორებით შემოწმდა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური გარემო სრულად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, 28 თებერვალს,  საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 700 საჯარო სკოლა.  ხარვეზები გამოვლინდა 9  სკოლაში. ამ სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან.

რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 თებერვალს, გაცდენების რაოდენობა 20 %-ის ფარგლებში მერყეობს.