სანქაციადადებულ, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებზე, გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

საგამოძიებო სამსახურმა საქართველოში რეგისტრირებულ სანქცია დადებულ კომპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებას საფუძვლად დაედო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა კომპანიის მიერ ხდება საბაჟო წესის დარღვევით საქონლის/ტვირთის ტრანსპორტირება, განხორციელებული ფინანსური ოპერაციები სრულად არ აისახება კომპანიების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რის შედეგადაც საბაჟო წესების დარღვევის გზით, ადგილი აქვს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდებას, ასევე შემდგომში, სხვადასხვა დანაშაულებრივი გზით, ხდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

„საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით”. – ვკითხულობთ საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს მიერ შავ სიაში შეტანილი 37 ორგანიზაციიდან, 3 კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული.