აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ის წარდგენა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს, დღეს იგეგმება. Fox News-ის ინფორმაციით, კანონპროექტის ინიციატორმა, კონგრესმენმა კო უილსონმა მათ MEGOBARI Act-ის დოკუმენტიც მიაწოდა.
ტელეკომპანიის ონლაინპლატფორმა წერს, რომ კანონპროექტი მოიცავს სავიზო შეზღუდვების დაწესების დაუყოვნებლივ განხილვას იმ საკვანძო პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ვინც პასუხისმგებელია პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსული სტილის კანონის მხარდაჭერაზე, მის მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრებისთვის, ბიზნეს წრეების, სამართალდამცავი და უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსული სტილის „უცხოელი აგენტების კანონის“ მიღებაზე, ან სახალხო პროტესტისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის ჩასახშობად გადადგმულ ნაბიჯებზე.
ამისათვის, კანონპროექტის თანახმად, მისი ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს შესაბამისი პირები საქართველოს მმართველი და პოლიტიკური წრეებიდან.
ამის გარდა, კანონპროექტი ასევე სთხოვს აშშ-ის ხელისუფლებას მოამზადოს ანგარიში საქართველოში რუსეთის დაზვერვის გავლენასა და უკრაინასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების შესაძლო არიდების შესახებ.
„ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის მდივანთან და ცენტრალური დაზვერვის დირექტორთან კოორდინაციით, კონგრესს წარუდგენს მოხსენებას საქართველოში რუსული სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევის შესახებ, ასევე შეისწავლის ჩინეთის გავლენასა და რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის პოტენციურ კვეთას საქართველოში“, – ნათქვამია MEGOBARI Act-ის დოკუმენტში, რომელიც კონგრესმენმა Fox News-ს მიაწოდა.
როგორც Fox News წერს, ჯო უილსონმა კანონპროექტთან დაკავშირებით მას მისწერა, რომ კრემლსა და „ქართულ ოცნებაში“ ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზულად არ აღიქვამენ. კონგრესი კი გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რეალურ შედეგებს მოიტანს მათთვის.
„მათ ჰგონიათ ბლეფია, როცა ვამბობთ, რომ შედეგი მოჰყვება შეერთებულ შტატებთან ქართველი ხალხის მიერ ჩამოყალიბებულ კავშირზე თავდასხმას. MEGOBARI Act გვიჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მათ ამ რწმენას შეარყევს“, – განუცხადა უილსონმა Fox News-ს.
მისი თქმით, კანონპროექტი ასევე აჩვენებს, რომ აშშ-ის კონგრესს სურს ძლიერი, ნათელი მომავალი ორ ქვეყანას შორის და რომ აშშ აპირებს რეალური ნაბიჯების გადადგმას და მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლება.