„სანქციები ივანიშვილს“ - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის ინიციირებულ შესწორებებში

პუბლიკა

დღეს, 13 დეკემბერს ევროპარლამენტში განიხილეს ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე ახალ რეზოლუციას 14 დეკემბერს მიიღებს, თუმცა მანამდე რამდენიმე ევროპარლამენტარი არსებულ პროექტში შესწორების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. პროექტში შესწორებები 8 ნოემბერსაც შევიდა.

რა წერია ინიციირებულ შესწორებებში

ევროპარლამენტარ მიკ ვოლასის (მემარცხენე ჯგუფი) შესწორება, „მოუწოდებს ევროკავშირს,  მეტი მხარდაჭერა უზრუნველყოს საქართველოში გაქცეული 100 ათასი რუსისთვის“. ვოლესი ასევე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროკავშირმა უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით უნდა გამოიჩინონ დიპლომატიური ინიციატივები, რომელიც ასევე მხარს დაუჭერდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებს.

ურმას პაეტისა და პეტრას ასუტრევიჩიუსის (განახლების ჯგუფი) შესწორებაში, რომელიც ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას ეხება, ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ნახსენებია, როგორც ოლიგარქი.

პაეტისა და ასუტრევიჩუსის შესწორებით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესების გამო, მძიმე მეტალებით სავარაუდო მოწამვლის გამო, როგორც ეს აღწერილია საერთაშორისო ექიმების ჯგუფის 2022 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში“.

ამავე შესწორებით, ევროპარლამენტარები შეგვახსენებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, და თუ მისი უფლებები კვლავ ირღვევა, პასუხისმგებელი პირები შესაძლოა სანქცირებული იყვნენ ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის მიხედვით“.

მირიამ ლექსმანისა (PPE) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) შესწორებაში გამოთქმულია შეშფოთება „იმ ცნობების გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს, რათა გვერდი აუარონ დასავლეთის სანქციებს“.

შესწორებაში გვხვდება მოწოდება ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი, რომ შემდგომში განიხილონ ეს ბრალდებები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მოხსენებები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირის შესახებ. „თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, [ევროპარლამენტი] ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას მისი და უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ“.

ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების კონტექსტში, ლექსმანი და ფოტიგა თავიანთ შესწორებაში ამატებენ და მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.

სხვა ევროპარლამენტარების მსგავსად, ლექსმანისა და ფოტიგას შესწორებებში სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული დევიდ სმიტის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, „რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილთან გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონის მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მის ჯანმრთელობის სწრაფად დაქვეითებას“. ლექსმანი შესწორებაშში იმეორებს, რომ „საქართველოს მთავრობას ეკისრება სრულ პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფაში“.

რეზოლუციის პროექტის ტექსტში შესწორებები შეაქვს თავად ანგარიშის ავტორს – სვენ მიკსერსაც  (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი).

ერთ-ერთი შესწორებით, მოუწოდებს საქართველოსს რთული კონტექსტის გათვალისწინებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ნდობის აღდგენისა და შემდგომი კონსტრუქციული დიალოგისკენ.

გარდა ამისა, მიკსერის შესწორება მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარუდგინა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას დასკვნის მისაღებად, ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად განახორციელონ ამ ორგანოების მომავალი რეკომენდაციები;

მიკსერი ერთ-ერთი შესწორება ასევე მიესალმება ვენეციის კომისიის კონსულტაციებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით; მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სათანადოდ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მომავალი მოსაზრება და უზრუნველყოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კანონპროექტი შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მისი მიღებისას და ეფუძნებოდეს მიზანს, რაც გულისხმობს სისტემური მიდგომით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველგვარი გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას;

მიკსერის კიდევ ერთ შესწორება მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის არჩევნის პროცესი აქამდე იყო ინკლუზიური და გამჭვირვალე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა;

ანა ფოტიგა (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) შესწორებაში „პატივს მიაგებს უკრაინაში ქართული ლეგიონის ჯარისკაცებს, რომლებიც რუს აგრესორებს 2014 წლიდან იბრძვიან“;

გარდა ამისა, ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ფოტიგას შესწორებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „მიესალმება სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელ დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას და მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, დაუყოვნებლივ შეარჩიოს საბჭოს მიერ წარდგენილი სამი დამოუკიდებელი კანდიდატიდან ერთ-ერთი“.