სანქციების გამო წარმოებას დროებით ვაჩერებთ - „ბორჯომი“

პუბლიკა

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ დროებით წარმოებას აჩერებს, რისი მიზეზიც რუსეთისთვის დაწესებული სანცქიები გახდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.

გამოცემის ინფორმაციით, 2013 წლიდან IDS Borjomi-ის  60%-იან წილს რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი“ ფლობს. რომელსაც საკონტროლო პაკეტი პატარკაციშვილების ოჯახმა 460 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი კი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

„ბორჯომის“ ინფორმაციით, კომპანია საქართველოში 1 000-მდე ადამიანს ასაქმებდა.