სანქციებისა და ფინანსური დახმარების შეწყვეტის საფრთხე | რა შეფასებები კეთდება საქართველოში

პუბლიკა

სანქციების დაწესებისა და ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის პრესსპიკერების განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს შეეხებოდა. პრესსპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოს ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდა და სანქციებიც ახსენა.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზეა პასუხისმგებელი მსოფლიოში. სანქციები ნამდვილადაა ერთ-ერთი მექანიზმი,  როგორც იცით, წინასწარ, შემოღებამდე არ ვსაუბრობთ სანქციებზე, მაგრამ ვითარებას თვალს ვადევნებთ დიდი ყურადღებით“. – თქვა მან.

დეპარტამენტის განცხადებაში ოპოზიციამ სანქციების დაწესების რეალური საფრთხე დაინახა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე ადეკვატური ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვება იქნებოდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის აზრით კი, სანქციების დაწესების საფრთხე რეალური რომ არ იყოს, ამას არც ახსენებდნენ.

„სანქციები თუ რეალური არაა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და რადგან სიტყვა სანქციები გაისმა, ძალიან სერიოზულადაა საქმე“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ოპოზიცია არასწორად ინტერპრეტირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აშშ-ის პოზიცია ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომ დანაშაული რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან თქვა, ყველა ვინც არის ძალადობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს. როდესაც სანქციებსა და სასჯელზეა საუბარი საქართველოს მთავრობა არის პირველი, ვინც დასჯის იმათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ.

სანქციების ინტერესი რუსეთსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა რატი იონათამიშვილმა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინასწარ სანქციებზე არ საუბრობს მაშინ, როცა ოპოზიციის რადიკალური ჯგუფები ამბობენ, რომ აშშ სანქციებზე წინასწარ საუბრობს. ეს ფარდას ხდის იმ რეალობას, რაც არის – სინამდვილეში, სანქციების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი პარტნიორებისა და ხელისუფლების მიზანია, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მეორე განცხადება, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერებაზე მიუთითებს, მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს“, – აცხადებს  ევროკომისიის პრესსპიკერი.

ამ განცხადებას ოპოზიციონერების განცხადებები მოჰყვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია 19 აპრილს დადებული მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი, რაც საქართველოს დემოკრატიისთვის საშიშ ნაბიჯად შეფასდა.

„ლელომ“ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ხელისუფლებას, მოიწვიოს სასამართლოს რეფორმის ჯგუფი და დაიწყოს მუშაობა, ამავე ფორმატში დაიგეგმოს საბჭოს არამოსამართლე წევრების კონკურსის გამოცხადების და წესების შერჩევის პროცესი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ფინანსური სანქციების საფრთხეზე ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს.

„[ეს] დადასტურდა ევროკომისიის განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯმა შესაძლოა მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.

„ქართული ოცნება“, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებით, სერიოზულ საფრთხედ იქცა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ წინაპირობა, რამაც შესაძლოა, ტრანშის შეჩერების საფრთხე წარმოშვას, რეალურად არ არსებობს.

„ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციები შესრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდა პროცედურები უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შესარჩევად. ეს ყველაფერი ახსნადია და არავის გაუჭირდება სიმართლის დანახვა თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.