„სანქციებს ვიღაცები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ, საქართველო ამ შავ სიაშია“ - ერმაკი

პუბლიკა

„უსამართლოა, როცა ამ სანქციებს ვიღაცები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ამაში ჩართულია ზოგი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, ისეთი, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.

„ატლანტიკური საბჭოს“ დისკუსიაზე  Fox News-ის ჟურნალისტმა ნანა საჯაიამ ერმაკს ჰკითხა, ითხოვს თუ არა უკრაინა იმ ადამიანებისთვის და კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას, ვინც რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება და ვინ არიან ისინი. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული სანქციების შემუშავება, მაგრამ ყოველთვის იქნება ადამიანების თუ კომპანიების მცდელობა ამ სანქციებს თავი აარიდონ.

ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ღია ვართ. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც რისკი გაიღეს ამ სანქციების პირობებში. უსამართლოა როცა ამ სანქციებს ვიღაცები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ ვხედავთ რომ ამას შვება ზოგი აზიური ქვეყანა.

ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ და ამ საკითხს ჯერ კიდევ ვიკვლევთ. ყველაფერი დოკუმენტირებული და დადასტურებული უნდა იყოს“, – თქვა მან.

მისი თქმით, მათ იციან, რომ საქართველოდან ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი რუსულ კომპანიებში წილებს ფლობს, მათ შორის „გაზპრომში“. როგორც ერმაკმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეს ბიზნესმენები ჩართულნი არიან რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში.

„ეჭვგარეშეა რომ ეს მეორადი სანქციების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სანქციების პაკეტები იზრდება, როგორც ევროპის კავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში. თუ ისეთ ქვეყანაზე ვისაუბრებთ, როგორიც, მაგალითად, საქართველოა – ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი, რუსულ კომპანიებში დიდ წილებს ფლობს, მაგალითად – „გაზპრომში“. ვფიქრობ ისინი ჩართულნი არიან რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებაში“, – თქვა მან.