მიუხედავად სანქციებისა, ევროპული მანქანები რუსეთში საქართველოდანაც გადაჰყავთ - Sky News

პუბლიკა

დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში მაინც შედის, ეს კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მეშვეობით ხდება – იუწყება ბრიტანული არხი Sky News.

Sky News-ის ჟურნალისტი ადგილზე დააკვირდა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს, სადაც ევროპიდან ჩამოყვანილი მანქანები აღმოაჩინა. საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, მანქანების რუსეთში გადაყვანის ერთ-ერთი გზაა ლარსამდე ავტომობილები სომხეთში დაარეგისტრირონ და განაბაჟონ. ზოგჯერ რუსეთში მანქანების გადამყვანებს იმასაც ურჩევენ, რომ თქვან, არა რუსეთში, არამედ ყირგიზეთში მიდიან რუსეთის გავლით.

ბრიტანული არხის ცნობით, ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ ამ მანქანებზე გაიცემა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრები, რის შემდეგაც მათ საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ; და რადგან ქართველებს შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება რუსეთში, მათ მხოლოდ მანქანების საზღვრის მიღმა გადაყვანა სჭირდებათ, სადაც სხვა ჯგუფი დახვდებათ.

როგორც Sky News იუწყება, მანქანები ზოგჯერ თბილისის შოურუმებიდან, ხან საქართველოს პორტებიან, ხანაც ევროპიდან ან აზერბაიჯანიდან მოჰყავთ. ძირითადად, გადამზიდმა მძღოლებმა არ იციან მანქანების წარმომავლობა.

როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც მანქანები საზღვართან მიჰყავთ, საჭირო დოკუმენტების გამზადებამდე მათ ავტოსადგომებზე ტოვებენ.

„მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესეს, საქართველომ საკუთარი აკრძალვები შემოიღო რუსეთში მანქანების გაგზავნაზე. თუმცა, არსებობს მისგან თავის არიდების უამრავი საშუალება, რაც შესაძლებელს ხდის მანქანების გადაზიდვას“, – წერს Sky News.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის ეკონომიკა კვლავ ძლიერია, მოსკოვში არ არის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საქონლის დეფიციტი, ამასთანავე საქართველომ და აზერბაიჯანმა უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელი ნახეს არაფორმალური ვაჭრობით.

„მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ ამ არაოფიციალური სავაჭრო მარშრუტების შესაჩერებლად, ალბათ, ყველაზე გასაოცარი შედეგი ჩვენი გამოძიებიდან არის ის, რომ საქართველოში არავინ ცდილობს დამალოს, რა ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი კლასის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა შევიდეს, მაგრამ ისინი ყოველდღე სათითაოდ გადიან საზღვარს. ყველამ იცის რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად“, – წერს Sky News.