ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლების რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შესახებ კომპანია „სანტე“ აცხადებს, რომ არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს.
„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.
ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში. პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით“, – აცხადებს „სანტე“.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.
5 მარტს რუსულმა გამოცემა Tass-მა რუსეთის ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის ინიცციატივაზე, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების იმპორტზე ნებართვა გაიცეს.
Tass-ის ცნობით, რუსეთის ფიტოსანიტარიის სამსახურში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 5 მარტს რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის დირექტორი სერგეი დანკვერტი შეხვდა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ზურაბ ჩეკურაშვილსა და აზერბაიჯანის სურსათის სააგენტოს თავმჯდომარეს.