„საოჯახო მარანი - ოდა” ამბობს, რომ „გემო ფესტიდან" პოლიტიკური ნიშნით მოხსნეს

პუბლიკა

„საოჯახო მარანი – ოდა” გასტრონომიულ ფესტივალ „გემო ფესტში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს – როგორც ისინი „პუბლიკას“ ეუბნებიან, გადაწყვეტილებას მათ პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ.

„საოჯახო მარანი – ოდას“ დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე აღნიშნავს, რომ ფესტივალიდან მოხსნის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს ის, რომ სურდათ, შესაძლებლობა უფრო დამწყები კვების ობიექტებისთვის მიეცათ.

„ჩვენ რეგიონში ვცხოვრობთ და რეგიონები ხელის გულებზე ჰყავს მმართველ პარტიას და ყველამ იცის, ვინ სად დადის. მაგალითად, ჩვენზე მერიაშიც კი იციან და ძალიან ხშირად აპელირებენ ამაზე, რომ ჩვენ რუსულ კანონს ვაპროტესტებდით. არასდროს არ ვმალავთ ჩვენს სამოქალაქო პოზიციას ნებისმიერ სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით. არცერთ პარტიას კონკრეტულად არ მივეკუთვნებით, მაგრამ ყოველთვის ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ ხოლმე ღიად, როცა ეს არის საჭირო”, – აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ფესტივალიდან მოხსნილია მისი ქმარიც, რომელიც სხვა ბრენდით გამოდიოდა და კიდევ ერთი მონაწილე ლიკა როგავა.

„ამბობენ, რომ თითქოს 5-იაო მოხსნილი, მაგრამ დანარჩენი ორის შესახებ ვერაფერი შევიტყვეთ – ვართ მე, ჩემი მეუღლე, რომელიც ცალკე სხვა ბრენდით გამოდიოდა და კიდევ ერთი ადამიანი, ლიკა როგავა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს და მუდამ სდევნიან თავისი პოლიტიკური ღია პოზიციის გამო.

[გადაწყვეტილებას] ადმინისტრაციას არ ვუკავშირებ. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ადმინისტრაციიდან რომ ყოფილიყო დაბლოკვის მცდელობა, თავიდანვე არ დაგვიკავშირდებოდნენ, მათი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ვმონაწილეობდით ჩვენ ”, – ამბობს ნინიძე.

„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად ცდილობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას – პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.