ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისია ადასტურებს, ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის მდებარე ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და, სავარაუდოდ, მისთვის ცეცხლის გახნას.
„მისია მთელი დღის განმავლობაში შესაბამისი ინფორმაციას ცვლიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად დააკვირდება საქართველოს მოქალაქის მიმართ სავარაუდო სროლასა და შემდგომ მისი დაკავების საქმეს. ამ მოცემულობაში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ აღნიშნავს, ერგნეთის ინციდენტების პრევეცნციისა და მათზე რეგირების მექანიზმის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
11 ივლისის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.
მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
მოგვიანებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაჭრილი და დაკავებული კაცი ახალგორის საავადმყოფოშია.