საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

პუბლიკა

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ციხიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ რამაზ ბეღელური თავისუფალია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ 2 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა შესაძლებელი გახდა ცხელი ხაზით აქტიური კომუნიკაციის შედეგად. მისი თქმით, გამოიყენეს ყველა არსებული მექანიზმი, მათ შორის ერგნეთის ფორმატიც.

აღნიშნულზე სუს-მა განცხადებაც გაავრცელა.

„რ. ბეღლური უკანონოდ დააკავეს 2021 წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, ამავე პერიოდში, საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე 2-თვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.