საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი მაგალითია - საგარეო

პუბლიკა

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე კორონავირუსის პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულვებელყოფას. მსგავსი პროვოკაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან, რომლებიც უკანონოდ არიან განლაგებული საქართველოს ტერიტორიის შუაგულში და უხეშად არღვევენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ თავისუფლება აყრილი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება“,- ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები „საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად.“

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაჭრეს და შემდგომ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.