გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუსის განცხადებით, უკანონო დაკავების ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები, საერთაშორისო პარტნიორები.
„ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუსში.