სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, უკანონო დაკავების ფაქტზე საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს. თუმცა, მისი განცხადებით, პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები.
„ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. მეტიც, აღნიშნულ პროცესში, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას. უკანონო დაკავების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში“.
მისივე განცხადებით, უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და, ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე.
„კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას. უკანონო დაკავებების პოლიტიზება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს და ცალსახად აფიქსირებს, რომ წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა. გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი პირებიც“.