სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოშკას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
სუსის განცხადებით, ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.
სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2023 წლის 2 იანვარს დააკავეს. ოსური, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ „საზღვრის უკანონო კვეთის“ საქმეზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა 28 ივლისს ამოიწურა და მოქალაქეები გაათავისუფლეს.