საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

პუბლიკა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძის თქმით, ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნება.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც თავად განგვიცხადა არის კარგი. გარემოებებიდან გამომდინარე იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას. ამიტომ, არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება. მაგრამ, საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ეს საშუალება ჩვენ გვექნება და შესაბამისად გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით.

ძალადობის ვიზუალური ნიშნები მას არ აღენიშნება. როგორც აღვნიშნე, არ გვქონდა მასთან დეტალური საუბრის საშუალება, მათ შორის სხვა უკანონო პატიმრებთან დაკავშირებითაც. ეს საშუალება აუცილებლად გვექნება, როდესაც ამოიწურება საკარანტინე პერიოდი, “- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.