საოლქო იმსჯელებს ივანიშვილის დაცვის წევრის უბანზე შესვლის ფაქტზე - ცესკო

პუბლიკა

საიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები – ამ საკითხზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს.

„მოვიძიეთ ინფორმაცია, საჩივარი შესულია. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს ამასთან დაკავშირებით და თუ ის ჩათვლის, რომ დარღვეულ იქნა უბანზე შესვლის წესი, ბუნებრივია, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე „შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აღნიშნულ უბანზე“.


საიას განცხადებით, მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას. ის დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება.