საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმებაზე მოსამართლემ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) სარჩელები საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ამ შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციისა და საიას სარჩელები ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოსამართლეს უნდა განეხილა. თუმცა, სარჩელები გაერთიანდა.

მხარეები სხდომაზე აცხადებდნენ, რომ ფოტო-ვიდეოს სახით არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულად მიცემის პროცედურა დაირღვა.

ოპოზიცია მოითხოვდა მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას. მათი მოთხოვნა იყო, რომ მოსამართლესი ცენტრალურ საარჩევნო კომისია დაევალდებულებინა სხდომაზე მოეტანა როგორც ხმის მთვლელი აპარატი, ასევე, ბიულეტენები და მარკერი, რომლითაც ამომრჩევლები არჩევნების დღეს ხმას აძლევდნენ და აფერადებდნენ ბიულეტენებს.

„ჩვენ დავასაბუთებთ იმას, რომ „სმარტმატიკთან” გაფორმებული ხელშეკრულებით მათ უნდა ჰქონოდათ „სმარტმატიკის“ მარკერები. ეს შეიცვალა არჩევნების დღეს გამოიტანეს სხვა მარკერი“, – აცხადებდა თამარ კორძაია.

ისინი ასევე მოითხოვდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გამოკითხვას და ასევე იმ აუდიტის ექსპერტის გამოკითხვას, ვინც ხმის მიცემის აპარატებზე დასკვნები მოამზადა.

თამარ კორძაიას თქმით, ჯამში საქმე ეხებოდა სულ მცირე, 56 მოწმეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, ნინო ხუციშვილი კი აცხადებდა:

„საიას სარჩელი შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას. ასევე, ცესკოს განკარგულების გაუქმებას, რომლითაც ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა აღნიშნული ოქმების გაუქმების და ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების ნაწილში აღნიშნული ოლქების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

ჩვენი საჩივარი ისევ და ისევ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არჩევნების ჩატარების პროცესში დარღვეული იყო ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, ფარულობის პრინციპი, რომლებიც კონსტიტუციური პრინციპებია”.

საბოლოო ჯამში, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მოსამართლე 11 შუამდგომლობით მიმართეს, სათუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.