საოლქო კომისიებში 450 საჩივარია შესული, უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს ეხება - მიქელაძე

პუბლიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ისაუბრა.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა, ხოლო არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს.

„არჩევნების შედეგების შეჯამებამდე მოხდება საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების განხილვა. ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის ყველა საჩივარს და თითოეულ გადაცდომაზე ექნება შესაბამისი რეაგირება.

მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 450 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე, ხოლო ხმების დათვლასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონმდებლობის მიხედვით, პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო წარდგენილი.

საჩივრების  უმეტესი ნაწილი  პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა, 280 შემთხვევაში, კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, მაგალითად, უბნის შედეგების ბათილობაზე დაწერილია 45 საჩივარი, გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე – 16, ხოლო ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოთხოვნილია 23 შემთხვევაში, –განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს, ანუ 21 ნოემბერს.