საოლქო კომისიებში სარჩელების განხილვის შემდეგ საარჩევნო დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ დავას სასამართლოებში აგრძელებენ.

„იმდენად ზედაპირზე დევს პრობლემა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ამაზე ოლქებმა უარი თქვეს, მოსალოდნელიც იყო, რომ ოლქები ამას არ დააკმაყოფილებდნენ, თუმცა, ჩვენ ახლა უფრო დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით უკვე სასამართლოში. 24 სასამართლოში 24 სარჩელს შევიტანთ, რომელიც გააერთიანებს 73 ოლქის შედეგების ბათილად ცნობას ტექნოლოგიურ უბნებზე.

ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, სულ 2 დღე. შევძლებთ, რომ ყველა სასამართლოს 24-ჯერ დავუმტკიცოთ, რატომ არის ფარულობის დარღვევა კონსტიტუციის საწინააღმდეგო, რასაც მტკიცებაც არ სჭირდება, წარვადგენთ, შესაბამის მტკიცებულებებს და მოვითხოვთ, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ფარული არჩევნების უფლება“, – აცხადებს ქურდოვანიძე.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარდგენილი სარჩელების განხილვა დაიწყო.

სარჩელების თემა ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგის ბათილად ცნობაა.

გუშინ, 31 ოქტომბერს საჩივრების განხილვა უმეტესად ხმაურის ფონზე წარიმართა.

მაგალითად, ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა სხდომიდან „ერთიანობის“ წარმომადგენელი გააძევა. კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ საჩივრები უსაფუძვლო იყო.

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი საჩივარი  არ დააკმაყოფილა. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.

„განვიხილეთ 8 საჩივარი, ეს ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ბევრი მოთხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, მაგრამ არ იყო ის საფუძველი, რის საფუძველზეც შეიძლებოდა მომხდარიყო შესაბამისი უბნების, 23-ვე უბნის გადათვლა და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა“, – განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.

საჩივრები არ დაკმაყოფილდა არც ოზურგეთში, არც გორსა და თელავში.