საოლქო საარჩევნო კომისიებში შემაჯამებელი სხდომები აქციების ფონზე მიმდინარეობს

პუბლიკა

საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან შეკრებილები. კომისიებში დღეს ბოლო სხდომები მიმდინარეობს, სადაც შემაჯამებელ ოქმებს დაამტკიცებენ. საოლქო საარჩევნო კომისიებთან შეკრებილები ე.წ. გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებენ და არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ვითარება დაიძაბა და შეხლა-შემოხლა იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

ხმაური იყო სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ერთ-ერთი აქტივისტიც დააკვეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ გაზდელიანი. აქციის მონაწილეების თქმით, ის იმ დროს დააკავეს, როდესაც შენობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრას ცდილობდა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის ფონზე მიმდინარეობს, ასევე, გლდანის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა. აქციის მონაწილეები თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

„ამას არანირი კავშირი არ აქვს ხალხის ხმების დათვლასთან. ეს არის უბრალოდ გაყალბების ბიურო. იკრიბებიან და აკანონებენ იმ მიტაცებულ არჩევნებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა“, – ამბობს ტელეკომპანია „პირველთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან შეკრებილები ვაკისა  და ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიებთანაც.

„ჩვენ არ შევეგუებით მოპარულ არჩევნებს“, „გამყალბებლები“ – ამ ბანერებით მართავენ აქციას მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები გორის საოლქო საარჩევნო  კომისიასთან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  საოლქო კომისიას გაყალბებული  არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების უფლებას არ მისცემენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საოლქო კომისიაში შემაჯამებელი სხდომები ქობულეთსა და ბათუმშიც.

მათი ცნობით, ქობულეთში საოლქო კომისიის სხდომა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა და შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა. ხელი არ მოაწერა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმაც. ისინი ოლქის თავმჯდომარესა და წევრებს უნდობლობას უცხადებენ.

ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები არიან შეკრებილები ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც შემაჯამებელ ოქმებს ადგენენ.