საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსულ დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წერს, თალაკვაძემ განაცხადა, რომ დამკვირვებლებისთვის სპეციალური პროტოკოლი შეიქმნა, რომელიც მათ კარანტინს აარიდებს.
„შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს.
მათ კარანტინში განთავსება არ მოუწევთ, ამისთვის სპეციალური მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება.
ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრები უკვე დაწყებული გვაქვს და დამკვირვებლები იქნებიან ძალიან წარმომადგენლობითი მისიებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ცესკო ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად დამატებით პროტოკოლზეც მუშაობს, რომლითაც მოქალაქეები არჩევნებზე ისარგებლებენ.
„საარჩევნო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველვყოთ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საარჩევნო ყუთთან მიდიან“, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან.