საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დაახლოებით 380 დამკვირვებელი ჩამოვა - ჯილიენ სტირკი

პუბლიკა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის 27 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყენებლი ავრცელებს.

„ჩვენი მთავარი ჯგუფი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისგან. ველოდებით, რომ მომავალ კვირაში შემოგვიერთდება 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი, უშუალოდ არჩევნების დღისთვის მოთხოვნილია და ველოდებით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას, რომელთა ფუნქცია იქნება, დააკვირდნენ კენჭისყრის დღეს, ხმების დათვლის და ტაბულაციის პროცედურებს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჯილიენ სტირკის განცხადებით, საბოლოო რაოდენობა გვეცოდინება მაშინ, როდესაც ეს მისიები ჩამოსვლას დაიწყებენ. მისივე განმარტებით, ეუთო/ოდირი-ს მანდატით ამ არჩევნებზე იქნება დაახლოებით, მეტ-ნაკლებად 380 დამკვირვებელი.

„გასაგებია, რომ სიტუაცია არის ძალინ მყიფე ამ მხრივ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი საქმე შეასრულონ. ოღონდ, რასაკვირველია, ამ საქმიანობაში უნდა დაიცვან პროტოკოლები მაქსიმალურად და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება“, – განაცხადა ჯილიენ სტირკმა.


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაციამ გაავრცელა.

არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM), ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების​ დათვლასა და შედეგების შეჯამებას.