პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეხმაურება 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ „ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა“.
მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც „ამ რთულ ვითარებაში თავდასხმის და შანტაჟის მიუხედავად“ მივიდნენ არჩევნებზე და პარტიას ნდობა გამოუცხადეს. შარაშიძის თქმით, ეს ფურცელი ვერ გადაიფურცლება, თუ არ მოხდა შეცდომების აღიარება.
„ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი შესაძლებელი გახდა შეცდომების ჯაჭვის შემდეგი ქმედებების ან უმოქმედობის შედეგად:
1. გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივად დარჩა მხოლოდ ქუჩა.
2. საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.
3. ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა.
4. და „ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვავიწყდა მთავარი – თუ არ დაამარცხე ნაცები, ვერ დაამარცხებ „ოცნებას“.
ამ ყველაფერმა მიგვიყვანა შედეგამდე, რომ თბილისში, სადაც მილიონი ამომრჩეველია 215 ათასი ხმით თბილისის მერი გახდა ადამიანი, რომელმაც წინა არჩევნებზე თბილისი მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძეს და მოძალადე „ოცნებას“.
მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების, როგორც მშვიდობიანი ცვლილების დისკრედიტაცია და „ოცნებას” გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა“, – თქვა მან.
მისი განცხადებით, „უსამართლო, უთანასწორო არჩევნებში შესვლისას“ გააზრებული ჰქონდათ, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. შარაშიძე ამბობს, რომ არ გაურბიან დამდგარ რეალობას და აღიარებენ „თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას“.
„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ოცნება აქვთ – როგორმე გააქრონ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ველიდან, რადგან ამ ორი რადიკალური ძალის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება თუ ვინმეს შეუძლია, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდია. ბრძოლის ამ აუცილებლად გასავლელი ეტაპის შემდეგ, ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას“, – ამბობს ის.
მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან თქვა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო:
„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ეს არის ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი, პოლიტიკოსისთვის ზოგადად, აუცილებელი, ჩემი აზრით, თვისება და უნარი.
ჩვენ არასდროს გვქონია ჩვენი შეცდომების აღიარების პრობლემა და ახლაც, ვაღიარებთ, რომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცაღა, ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს და ჩვენ უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ. რა თქმა უნდა, საზოგადოება გაიგებს, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა“.
ჟურნალისტის კითხვაზე, სავარაუდოა, რომ უფრო იხრებიან იმისკენ, რომ ეს მანდატები გამოიყენონ, შარვაშიძე პასუხობს: „ვნახოთ, ვნახოთ. ჩვენ ამ გეგმის შესახებ საზოგადოებას თქვენი, მედიის საშუალებით უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“.