საპარლამენტო ოპოზიცია: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით მმართველ პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

„ერთი წლის წინ ივანიშვილის პარტიამ სცადა რუსული კანონის გატანა, მაგრამ გაიწვია ხალხის ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რამაც მნიშვნელოვანწილად მოიტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს შემოიტანოს რუსული კანონი პარლამენტში ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად.

რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა.

ჩვენი მიზანია, დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს – კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – ამბობს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

მათი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას.

„ოცნების“ მიერ ამ მავნებლური რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული ქვეყნის ევროპული საზოგადოების ნაწილი და რაც მთავარია, პირდაპირ უხსნის გზას კრემლის ინსტიტუციებს და იქიდან მომდინარე საფრთხეებს საქართველოში.

როგორც არასდროს, ვართ მზად, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა.


პარლამენტი რუსული კანონის განხილვას დღეს იწყებს. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი „სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები.