საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის 12 პუნქტზე პარალელური მუშაობა დაიწყო

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პარალელური სამუშაო პროცესი დაიწყო.

დღეს, 25 ივლისს პარლამენტში სამი სამუშაო ჯგუფის შეკრებაა დაგეგმილი.

პარტიების – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად დღის განმავლობაში საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე იმსჯელებენ.

სამუშაო პროცესში ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტები საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში დაინიციირდება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების წამოწყებულ პროცესს ნდობა არ აქვს, რადგან მათი განცხადებებიდან ცხადია, რომ ისინი ფუნდამენტური საკითხების გადაჭრას არ აპირებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციის, სასამართლო რეფორმის შესახებ მუშაობას წინაპირობებით იწყებს.

„კომისიები, რომლებსაც წინაპირობები აქვს, რომ: დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა; საკონსტიტუციო ცვლილებებზე თურმე არ ვრცელდება 12 პუნქტი, კლანი სასამართლოში არ არისო და კანონს, რომელსაც დავწერთ მართლმსაჯულებაზე, არ შეეხება კლანსო.

მე გეკითხებით, რანაირად უნდა შევიდეთ პროცესში, როცა წინაპირობებს მიყენებენ და ვიცით, რომ 4 ფუნდამენტურ საკითხში აპრიორი არ იქნება შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნა“, – აცხადებს ის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი, რომელიც პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა, 12 პუნქტზე ყველა ჯგუფმა ერთად იმუშაოს.

„ნდობა ხელისუფლებასთან მიმართებით, იმის ფონზე, რაც ჩვენ გვინახავს ძველ პროცესებზე, რა თქმა უნდა, დაბალია და ამას ღიადაც ვაფიქსირებდით ჩვენ, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას ნდობა არ ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, ის, რომ ევროკავშირი გვთხოვს, რომ ერთად ვიმუშაოთ.

აქ ვინმეს ნდობა-არნდობაზე არ არის საუბარი. წლის ბოლომდე გვაქვს შესასრულებელი გეგმა და ეს თუ არ შევასრულეთ, შესაძლოა, ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგოს. აქ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა და ხელისუფლებას თუ რაღაცის გაკეთება არ სურს და ნდობა დაბალია, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ვიყოთ და ხელისუფლებას შევახსენოთ, რა არის გასაკეთებელი“, – აცხადებს ის.

ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებენ „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“.


ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობა უკვე დაიწყო.

ოპოზიციის გეგმის მსგავსად, ხელისუფლებაც სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტებს შეიმუშავებს, რომელთა განხილვაც საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

ოპოზიციის ხედვით „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა ინიციატივასა და კანონპროექტზე მუშაობა. ამისთვის მათ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ოპონენტები გეგმავდნენ, რომ სესიაზე უკვე ინიციირებული კანონპროექტების განხილვა განეახლებინათ, თუმცა უმრავლესობა სესიას არ დაესწრო და პროცესი ჩაიშალა.