საპატრიარქო ანჩისხატის გადაცემის თხოვნით მთავრობას მიმართავს

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს პატრიარქ ილია II-ის ავტორობით წერილს, რომელიც მან ირაკლი ღარიბაშვილსა და თეა წულუკიანს გაუგზავნა.

კათოლიკოს-პატრიარქი ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს.

„მოგეხსენებათ, საქართველოში, ღვთის განგებით, ჩამობრძანდა ქრისტიანული სამყაროს გამორჩეული სიწმინდე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩისხატად – ,,პირი ღვთისად” წოდებული, რომელიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად.

ვიმედოვნებთ, მის დაცვას ერთობლივად უზრუნველვყოფთ, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება იქცეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს აღვნიშნავთ ამ ტაძრის აგებიდან 1500 წლისთავს და თქვენ მიერ გაცემული ნებართვა ხატის ეკლესიაში განთავსებაზე იქნება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული უდიდესი საჩუქარი“, – ვკითხულობთ წერილში.


კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონენტების გადატანას გეგმავს. მიზეზი ისაა, რომ სამინისტროს თქმით, შენობა ცუდ მდგომარეობაშია და მას აღდგენა სჭირდება.

შექმნილია საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“, რომელთაც მიაჩნია, რომ მუზეუმში დაცული კულტურის საგანძური იკარგება და ნადგურდება. ისინი აანონსებენ საპროტესტო აქციებს მოთოვნით, არ დაინგრეს ხელოვნების მუზეუმი, მისი რესტავრაციის პროცესი შესრულდეს სპეციალისტების მიერ, გასაჯაროვდეს ექსპონანტების ევაკუაციის გეგმა, სამინისტრომ უზრუნველყოს გადაწყვეტილებებში სამინისტროს ჩართულობა.