საპატრიარქო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქს კორონავირუსი აქვს

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კორონავირუსი აქვს, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძემ „პუბლიკას“ არ დაუდასტურა.

დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქს ილია II-ს კორონავირუსი არ აქვს. ის ასევე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის ჯანმმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს.

ინფორმაციას, რომ პატრიარქს კორონავირუსი აქვს, ყოფილი დეკანოზი, თეოლოგი ბასილ კობახიძე თავის ფეისბუქზე წერს:

„ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს კორონა დამართეს. დიახ, დამართეს და ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მოსაყდრე შიო. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე, წირვის შემდეგ კი წყალკურთხევაც მას ჩაატარებინა. არც დისტანციას იცავდა ვინმე და უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა“, – წერს კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.