საპატრიარქო: ჩვენი განცხადებები არის ოფიციალური, ყოველთვის პატრიარქთანაც შეთანხმებული

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ მათი ყველა განცხადება ოფიციალურია და შესაბამისად, ყოველთვის შეთანხმებული პატრიარქ ილია მეორესთან.

საპატრიარქოს განცხადება ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” და მისი მხარდამჭერების აგრესიულ ფეისბუქ კომენტარებს მოჰყვა – ისინი საპატრიარქოს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზე სტალინიც არის გამოსახული, „კანონიკის შესაბამისი” ცვლილებები მოითხოვეს.

„11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავისი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.

ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული”. – წერს საპატრიარქო. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „კარგა ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს”.

„თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და  ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს”.


9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომ სამებაში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც არის გამოსახული, საღებავი აქვს შესხმული.

ინფორმაცია, რომ ასეთი ხატი ქვეყნის უდიდეს ტაძარშია, 6 იანვარს გავრცელდა.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.  ​

10 იანვარს პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” წევრები და მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლისკენ დაიძრნენ. ფერაძის სახლს პოლიცია იცავდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ „პოლიციას მიაწვებიან, მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიყვანონ ნატა ფერაძე „კაპეზეზე“.

11 იანვარს საპატრიარქომ ხატის შემწირველებს – „პატრიოტთა ალიანსს” მიმართა, შეიტანონ ცვლილებები ხატში, კანონიკის შესაბამისად, ან ამას თავად გააკეთებენ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხატის შეცვლის გადაწყვეტილება პატრიარქთანაა შეთანხმებული.

პასუხად ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მისთვის სრულად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, „კანონიკის შესაბამისად შეიცვალოს”. თუმცა, მისივე თქმით, „დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე -ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ”.

„ალტ ინფოს” წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა კი საპატრიარქოს პოზიციას „სამარცხვინო” უწოდეს და ანდრია ჯაღმაიძეს „ფეისბუქზე” შეურაცხმყოფელი კომენტარებიც დაუწერეს.