საპატრიარქო ემიჯნება დეკანოზ დავით ისაკაძის შეფასებას შოვში მომხდარ ტრაგედიაზე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება შოვში მომხდარ ტრაგედიაზე დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა სასულიერო პირების შეფასებებს.

„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“, – აცხადებს საპატრიარქო.


დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგების დროს რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიაზე თქვა, რომ ღმერთმა შოვი შარშან გამართული ფესტივალის გამო დასაჯა.

„უფალმა დაგვანახა, რომ მარტო ის კი არ დაისჯება, ვინც ცოდვას სჩადის. არამედ, ისიც, ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს. თუნდაც იმით, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს”. – თქვა დეკანოზმა.

მაშველებმა 11 აგვისტოს მონაცემებით 22 ცხედარი იპოვეს, ჯერ კიდევ ეძებენ 11 დაკარგულს.

რაჭაში, შოვთან 3 აგვისტოს ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა კურორტზე მყოფი ადამიანების ნაწილი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მერვე დღეა მუშაობენ.

მაშველებმა 11 აგვისტოს მონაცემებით 22 ცხედარი იპოვეს, ჯერ კიდევ ეძებენ 11 დაკარგულს.