საპატრიარქო გალში დაღუპული ბავშვების ოჯახისადმი ილია II-ის სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პუბლიკა

საპატრიარქო ავრცელებს ილია II-ის სამძიმრის წერილს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ გალში, სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლებისადმი. ბავშვები კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ვიტალი ჭოლარიას და ქალბატონ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში, მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია. აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – წერია სამძიმრის წერილში.

მედიის ცნობით, 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარს.

ტელეგრამის არხ „აიაშარაზე“ დაყრდნობით გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, რომ სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახის კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 5 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბავშვები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ, მათი მშობლები კი ზუგდიდში იმყოფებოდნენ.

„ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი აფეთქება იყო. ბებია მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავარდა, მაგრამ მაგრამ ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა. მთელი სოფელი გლოვობს“, – ეუბნება წყარო „რადიო თავისუფლებას“.