საპატრიარქო: იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის კანონი დესტრუქციებს აგვარიდებს

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კიდევ ერთხელ ეხმაურება სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატსა და მასზე გამოსახული საბჭთა დიქტატორის, სტალინის საკითხს და აცხადებს, რომ „ხატზე საღებავის შესხმა ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახეა, რომელიც ბოლშევიკურ გამოცდილებას იმეორებს”.

საპატრიარქოს შეფასებით, ამ ქმედების სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.

ამიტომაც, საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დააანონსა, „მომავალში დესტრუქციებს აგვარიდებს”.

„იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

ადგილი ჰქონდა კანონიკასთან შეუსაბამო ფრაგმენტის შემცველი ხატის საპატრიარქო ტაძარში განთავსებას, რისი არდაშვებაც, პირველ რიგში, ამ ტაძრის მსახურთა პასუხისმგებლობა იყო და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემდეგ ხატის კანონიკაში მოყვანაზე,ბუნებრივია, საპატრიარქომ იზრუნა. სწორედ ეს აისახა საპატრიარქოს განცხადებაში. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გამო საპატრიარქოს სამსახურზე ან მის თანამშრომელზე უსამართლო თავდასხმა (როგორც არ უნდა იყოს შეფუთული), რისი მომსწრენიც გავხდით, უშუალოდ საპატრიარქოს და პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალების სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია.

ასევე აღვნიშნავთ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას – მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება”. – წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

10 იანვარს „ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დააანონსა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, „გამკაცრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის”.


9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომ სამებაში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც არის გამოსახული, საღებავი აქვს შესხმული.

ინფორმაცია, რომ ასეთი ხატი ქვეყნის უდიდეს ტაძარშია, 6 იანვარს გავრცელდა.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.  ​

10 იანვარს პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” წევრები და მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლისკენ დაიძრნენ. ფერაძის სახლს პოლიცია იცავდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ „პოლიციას მიაწვებიან, მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიყვანონ ნატა ფერაძე „კაპეზეზე“.

11 იანვარს საპატრიარქომ ხატის შემწირველებს – „პატრიოტთა ალიანსს” მიმართა, შეიტანონ ცვლილებები ხატში, კანონიკის შესაბამისად, ან ამას თავად გააკეთებენ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხატის შეცვლის გადაწყვეტილება პატრიარქთანაა შეთანხმებული.

პასუხად ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მისთვის სრულად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, „კანონიკის შესაბამისად შეიცვალოს”. თუმცა, მისივე თქმით, „დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე -ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ”.