საპატრიარქო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით - სინოდი

პუბლიკა

სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით. განჩინებაში აღნიშნულია, რომ  ვაქცინაციაზე აზრი გამოთქვა რამდენიმე მიტროპოლიტმა. შედეგად,

წმინდა სინოდმა დაადგინა:

„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში…

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა? არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა”, – წერია განჩინებაში.


რედაქციის შენიშნვა: სინოდის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებზე არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული, კვლევებზე დაფუძნებული მონაცემები. საქართველოს მთავრობისა თუ სხვადასხვა საერთაშორისო წყაროს საშუალებით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ვაქცინის ხარისხზე, ეფექტურობასა და მათ შორის გვერდით მოვლენებზე. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ პანდემიის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით.