საპატრიარქო: „ქართული მარში“ საპატრიარქოს წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად იქცა

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს საპატრიარქოსთან „ქართული მარშის“ მიერ 24 თებერვალს გამართული აქციის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმოდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები „ზოგიერთი ერარქისა“ და საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიმართ.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული მარშის“ ხელმძღვანელისა და მისი რამდენიმე წევრის მხრიდან ცრუ, ღირსების შემლახველი, მუქარის შემცველი განცხადებები საპატრიარქოს წევრთა მიმართ პირველი არ არის, ბოლო პერიოდში კი ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამასთან, ეს კეთდება ეკლესიისადმი ვითომდაც გულშემატკივრობის სახელით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, „მარშელებმა“ აიტაცეს და გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავისი ვერსია იმის შესახებ, თითქოს პრესსპიკერმა ბერთუბანი აზერბაიჯანულ ძეგლად გამოაცხადა, რაც რეალობას არ შეესაბამება.

„სინამდვილეში დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ჟურნალისტთან ნათქვამი საერთოდ არ გულისხმობდა ამ ძეგლის რომელიმე ქვეყნისათვის კუთვნილების საკითხს, არამედ საუბარი ეხებოდა ბერთუბნის კომპლექსის არსებობას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანის სახელმწიფო აკონტროლებს; ბერთუბანი კი, რომ უძველესი ქართული სიწმინდე და კულტურის ძეგლია, არც მამა ანდრიასთვის და არც საქართველოს ისტორიის მცოდნე ნებისმიერი ადამიანისათვის სადავო არ არის.
საინტერესო დეტალია ისიც, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ შენიშვნა თავად სტატიის ავტორმა ჟურნალისტმაც გაავრცელა და ამის მერე არანაირი ორაზროვნებისათვის ადგილი აღარ რჩებოდა“

საპატრიარქოს განცხადებით, მიუხედავად ამისა, პატრიოტული პათოსით განმსჭვალული შეურაცხმყოფელი განცხადებები ,,მარშელთა მხრიდან“ რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდა, რაც შემდგომში საპატრიარქოსთან ჩატარებულ 20-25 კაციანი აქციაში გადაიზარდა და წერილობითი მოთხოვნით დასრულდა.

„ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ აღნიშნული ორგანიზაციის მესვეურნი არასწორ და მკვეთრად უხეშ პოზიციას მიზანმიმართულად აფიქსირებენ და რეალობა არ აინტერესებთ. ამიტომაც, ისინი საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ კარგა ხნის წინ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილად თავისთავად იქცნენ“, – აცხადებს საპატრიარქო.