საპატრიარქო სასულიერო პირებს: თუ აქცია დესტრუქციული გახდა, არ მიიღოთ მონაწილეობა

პუბლიკა

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა „ალტ ინფოს” აქციაში, თუ ის დესტრუქციული გახდა.

„ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა”. – წერს საპატრიარქო.

პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფი „ალტ ინფო” პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს და იმათ დასჯას ითხოვს, ვინც 9 იანვარს სამებაში მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა. ხატზე საბჭთა დიქტატორი, იოსებ სტალინია გამოსახული. „ალტ ინფოს” შეუერთდა პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, რომელმაც საპატრიარქოს ხატი შესწირა.


9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომ სამებაში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც არის გამოსახული, საღებავი აქვს შესხმული.

ინფორმაცია, რომ ასეთი ხატი ქვეყნის უდიდეს ტაძარშია, 6 იანვარს გავრცელდა.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.

მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.  ​

10 იანვარს პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ ინფოს” წევრები და მხარდამჭერები ნატა ფერაძის სახლისკენ დაიძრნენ. ფერაძის სახლს პოლიცია იცავდა. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აქციაზე ამბობდნენ, რომ „პოლიციას მიაწვებიან, მიიღონ გადაწყვეტილება, გადაიყვანონ ნატა ფერაძე „კაპეზეზე“.

11 იანვარს საპატრიარქომ ხატის შემწირველებს – „პატრიოტთა ალიანსს” მიმართა, შეიტანონ ცვლილებები ხატში, კანონიკის შესაბამისად, ან ამას თავად გააკეთებენ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხატის შეცვლის გადაწყვეტილება პატრიარქთანაა შეთანხმებული.

პასუხად ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მისთვის სრულად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, „კანონიკის შესაბამისად შეიცვალოს”. თუმცა, მისივე თქმით, „დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების “რჩევით” მიიღო და მეორე -ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ”.